პარტიის რეპუტაციით მოსარგებლე დეპუტატები

ჩვენ ახლა მოგიყვებით იმ პოლიტიკოსების შესახებ, რომლებმაც თანაგუნდელებთან ერთად, მოქალაქეებიც მიატოვეს, თუმცა კომფორტულ სკამზე უარი ვერ თქვეს. ისევე, როგორც საქართველოში, ასევე, აჭარაშიც მრავლად გვყავს პოლიტიკოსები, რომლებმაც მანდატის მოპოვება პარტიის დახმარებით შეძლეს, თუმცა არჩევნების შემდეგ თანაგუნდელები დატოვეს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელეს. ვრცლად, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე გოგა ანთიძე მოგვიყვება.

ირაკლი ჩავლეიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გრიგოლ ვაშაძე, თამარ კორძაია, ირაკლი თავდგირიძე - ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოებში შესასვლელად, მანდატის მოპოვება, პარტიის სახელით შეძლეს, თუმცა, არჩევნების შემდგომ საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელეს.

 

ანალოგიური სცენარი გაითამაშა დავით ვერულძემაც. იგი წლების განმავლობაში, ქობულეთის მერის მოადგილე იყო. ვერულიძე 2021 წლის თვითმმართველობების არჩევნებში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მმართველი პარტიის სახელით მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლებისგან მიღებული მხარდაჭერის შემდეგ კი, კენჭისყრაში გამარჯვების შემდეგ, მანდატი დატოვა და ძველ თანამდებობას დაუბრუნდა. მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებებზე კი, არც უფიქრია.

მოდი, გადავხედოთ იმ ახლო წარსულს, როცა პოლიტიკოსები პარტიასთან ერთად დაპირებებს გასცემდნენ, შემდგომ კი, ამომრჩეველთან ერთად თანაგუნდელებიც მიატოვეს, თუმცა, კომფორტული სკამზე უარის თქმა ვერ შეძლეს.

ეს ირაკლი თავდგირიძეა, რომელმაც არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გახარიას გუნდი“ დატოვა და პარტიის სახელით მოპოვებული მანდატით დამოუკიდებელი დეპუტატობა გადაწყვიტა. საინტერესოა, მისცემდნენ კი, ბათუმელები ირაკლი თავდგირიძეს ხმას, თუ ის კენჭს, თავიდანვე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იყრიდა? აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ გამოკითხულმა, ბათუმელებმა არც კი იციან, ვინაა და რას წარმოადგენს მოქმედი დეპუტატი.

გადაგდებული პარტიის წევრებისა და  იმედგაცრუებული მოქალაქეების თვალსაჩინო მაგალითი, მანამდე, ირაკლი  ჩავლეიშვილმა შემოგვთავაზა. იგი სამგზის ბათუმის საკრებულოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე და წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ჩავლეიშვილი „რესპუბლიკურმა პარტიამ” საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა, თუმცა, ოპოზიციის მიერ, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, მან, თანამოაზრეები მესამე დღესვე დატოვა და პარტიის სახელით მოპოვებული მანდატით უმაღლეს საბჭოში შევიდა.

რამდენად სწორია სამართლებრივად პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ქცევა - დატოვონ პარტია არჩევნების შემდგომ და თანაგუნდელების დახმარებით მოპოვებული მანდატით სახელმწიფო ორგანოში შევიდნენ. ხდება თუ არა, ასეთ დროს, ამომრჩევლის ნებით სარგებლობა და ამ ნების ბოროტად გამოყენება?  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით,  მსგავს ქმედებას საკანონბმდებლო ნორმები არ არეგულირებს და არასწორ პოლიტიკურ კულტურასთან გვაქვს საქმე.

საბოლოოდ, ფაქტია, რომ პოლიტიკოსები კომფორტის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. წინ კიდევ ბევრი არჩევნებია და თუ კი, ამ მხრივ, საკანონმდებლო ცვლილები და კანონით განსაზღვრული ვალდებულებები არ იქნება, ამა თუ იმ პარტიის რეპუტაციით მოსარგებლე  ცალკეულ დეპუტატებს, სავარაუდოდ, კიდევ მრავლად ვიხილავთ.

მეტის ნახვა