რას აპირებენ ენმ-ის წევრები?

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული კენჭისყრის შედეგები ცნობილია. ახლა ყველა, გუნდის წევრებიც და მხარდამჭერებიც მუნიციპალური ორგანიზაციების ახლებურად დაკომპლექტების მოლოდინში არიან. ახალ თავმჯდომარეს ელოდებიან ბათუმის ორგანიზაციაშიც. რას გეგმავს ორად გაყოფილი ერთიანი პარტია?

თავიანთ სათქმელს, ნიკა მელიას მხარდამჭერთა გუნდიდან ყველა მილოცვით იწყებს. ლევან ხაბეიშვილს წარმატებას უსურვებენ და აქვე დასძენენ, რომ მისგან, კენჭისყრამდე გაცემული დაპირებების შესრულების მოლოდინში არიან. პარტიას არ ტოვებენ. დემოკრატიის სტანდარტის შესაბამისად, გამარჯვებულ მხარესთან, თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბრობენ, რადგან სწამთ, რომ მთავარი ამოცანის შესასრულებლად, ფართო, პროდასავლური ოპოზიციის არსებობა აუცილებელია, რომ გამარჯვებისთვის, ერთობას ალტერნატივა არ აქვს.

წარმატებებს ვუსურვებ მათ - ასე დაასრულა ჩვენთან მოცემული ინტერვიუ დღეს გიორგი კირთაძემ, თუმცა თავის სიტყვაში მკაფიოდ თქვა, რომ აზრთა ერთობის თუ სხვადასხვაობის მიუხედავად, ევროპული მომავალი ქვეყანას ერთად უნდა შეუქმნან. ამბობს, რომ ჩაერთვება პარტიის თუ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ყველა აქტივობაში. კირთაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა. გადადგა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.

ვინ  იქნება პარტიის ახალი ხელმძღვანელი ბათუმში და სხვა მუნიციპალიტეტებში - როგორც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, მათაც კენჭისყრით აირჩევენ. აქ, თანამშრომლობისთვის ყველას ელოდებიან, ვისაც საერთო იდეა აერთიანებთ. ეიმედებათ გუნდურად მუშაობაც. ამბობენ, რომ წინ უფრო დიდი ბრძოლა აქვთ მოსაგები და შიდა დაპირისპირებისთვის დრო აღარ არის.

საერთო მიზნისთვის სტრატეგია ასეთია - მეტი კომუნიკაცია ხალხთან. გამარჯვებული თანაპარტიელები აცხადებენ, რომ უძრაობის მოძრაობიდან, მოძრაობის ხანა სწორედ ახლა იწყება. ვინაიდან ისტორიას ახსოვს, მშვიდობიანად გადაბარებული ხელისუფლება, შემდეგ კოალიციური ერთობა საერთო მიზნისთვის, ახლა კიდევ მშვიდობიანი, საქართველოსთვის უპრეცედენტო შიდაპარტიული არჩევნები, დარწმუნებული არიან, რომ თანამშრომლობის რესურსი კიდევ დიდხანს ექნებათ.

კენჭისყრამდე გაკეთებული საბრალდებო განცხადებების მიუხედავად, გამარჯვებული და დამარცხებული თანაპარტიელები დღეს ირწმუნებიან, რომ გუნდურად მუშაობის რესურსიც აქვთ და სურვილიც. რამდენად რეალური, ამას ცხადია დრო აჩვენებს. დღეს კი, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს, სხვადასხვა ოფისში მივაკითხეთ.

მეტის ნახვა