რუსული კანონი - პოლიტიკურ შეფასებები

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პოლიტიკური განხილვის მთავარი საკითხია. მაშინ, როდესაც დოკუმენტს ყველა იწუნებს და  ეწინააღმდეგება,  - „ქართული ოცნება“ პირიქით მის დაჩქარებულ რეჟიმში მიღებას ცდილობს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს მხარს დაუჭერს, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ იტყუება ყველა, ვინც "ხალხის ძალის" კანონპროექტს რუსულს უწოდებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აგენტებზე" კანონის ორივე ვერსიას პარლამენტში, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერენ და დოკუმენტი ძალაში შევა

„ხალხის ძალაში“ ამბობენ, რომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებზე საკომიტეტო და პლენარული განხილვები უახლოეს დღეებში გაიმართება. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მხარდაჭერილი დოკუმენტები ვენეციის კომისიას გაეგზავნება.

კანონპროექტებს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში უცხოური გავლენების შესახებ დარეგისტრირებული ორივე კანონპროექტი რუსულია და „ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება“.

კანონპროექტი მიუღებელია სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. „აგენტების კანონს“ იმ მიზნით აინიცირებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. დოკუმენტს საქართველოს დასავლური კურსის მიმართ დივერსიას უწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი პაატა მანჯგალაძე.

უკვე ცნობილია,  რომ ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ ექნება. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი ჩვენს ქვეყანას რუსეთთან აახლოებს. ჩნდება ვარაუდი, რომ ქვეყნის მთავარსარდალი მას ვეტოს დაადებს.

მეტის ნახვა