მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს

ღვთისმშობლობის დღესასწაული

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.

საქართველოს საპარტიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია.

„წირვას ჩაატარებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი. ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე.

ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

მეტის ნახვა