16, აპრილი 2019 16:35:00
ევროკავშირის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი გრანტიდან დაფინანსებას, საქართველოს პარლამენტის წევრის ოჯახის, თანსაკუთრებაში არსებული სასტუმრო გათბობისა და ფასადის შესაღებად ითხოვდა.
ბიზნეს იდეა, რომელიც საშუალო ბიუჯეტიანი პროექტების ჩამონათვალში მოხვდა, საგრანტო კონკურსის სამივე ეტაპი გადალახა და მაქსიმალური ქულითაც შეფასდა, თუმცა პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ანზორ ბოლქვაძის სახელთან დაკავშირებული ეს პროექტი საბოლოოდ არ დაფინანსდა.
კითხვაზე როგორ გადალახა კონკურსის ეტაპები, პროექტმა, რომელიც სასტუმროს გათბობასა და ფასადის შეღებვას ითვალისწინებდა? მენეჯერი გიორგი მურვანიძე ამბობს, რომ პროექტის ძირითადი ნაწილი მზის გათბობაზე იყო გაწერილი და ეს გადაწყვეტილებაც კომისიამ მიიღო.
იმის გასარკვევად, ითხოვდა თუ არა ევროკავშირისგან გრანტს პარლამენტარის ოჯახი და არის თუ არა მათ საკუთრებაში დაბა ხულოში არსებული სასტუმრო “ხულო“ ანზორ ბოლქვაძეს დავუკავშირდით.
სატელეფონო საუბარში მან მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ ოჯახი სასტუმროს მეწილეა, რაც შეეხება გრანტს განაცხადა, რომ პროექტი დასაფინასებლად არ შეუტანიათ.
ანზორ ბოლქვაძის მიერ, 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, მის ქონებად მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხი, არასაცხოვრებელი ფართობი, მიწის ნაკვეთი და ავტომანქანა ფიქსირდება, რომლის 100%-იანი მფლობელიცაა, რაც შეეხება მისი ოჯახის წევრის სხვა ქონებას, დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.