საცხოვრებელი აპარტამენტების დაჯავშნის სისტემას Airbnb-ის ქართული ენა დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს იმ ენებზე, რომელიც ამიერიდან იქნება ხელმისწვდომი, მათ შორის ქართულ ენაზე.
"Airbnb მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 7 მილიონზე მეტ უნიკალურ და ორიგინალურ საცხოვრებელსა თუ დროის გასატარებელ ადგილს, ასევე ადგილობრივი მასპინძლების მიერ საგულდაგულოდ ორგანიზებულ 40 000-ზე მეტ აქტივობას.
Airbnb საცხოვრებლებს წამში დაახლოებით ექვსი ადამიანი სტუმრობს. საცხოვრებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯავშნიან: 2011 წელს Airbnb-ზე 1000-ზე მეტი განცხადება მხოლოდ 12 ქალაქში იყო, დღეს კი იმავე რაოდენობის განცხადება უკვე 1 000 ქალაქშია.
აღნიშნულის მსგავსად, 2011 წელს 100 000-ზე მეტ სტუმარს მხოლოდ ერთ ქალაქში მასპინძლობდნენ, გასულ წელს კი იმავე რაოდენობის სტუმარი უკვე 300-ზე მეტ ქალაქში მიიღეს.მიუხედავად იმისა, რომ Airbnb-ს პლატფორმით მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში სარგებლობენ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ის სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ჩვენი მიზანია, Airbnb-ს პლატფორმის გამოყენება ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის იყოს კომფორტული - მნიშვნელობა არ აქვს, აზერბაიჯანულად საუბრობს თუ ჰინდიზე. დღეიდან Airbnb-ს პლატფორმით სარგებლობა მომხმარებლებს ორჯერ მეტ ენაზე შეეძლებათ. 62 ენა ნიშნავს, რომ Airbnb-ს პლატფორმის მშობლიურ ენაზე გამოყენება ამიერიდან 4 მილიარდზე მეტ მომხმარებელს შეეძლება მთელ მსოფლიოში.
ახალი ენების დამატებით ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტ მასპინძელს მივცეთ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ხოლო სტუმრებმა შეძლონ ადგილობრივი, ორიგინალური და უნიკალური სამოგზაურო შთაბეჭდილების მიღება", - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.