კომერციულ მოსყიდვაში ბრალდებულმა და სამსახურში აღდგენილმა მაღალჩინოსანმა ქედის მერიაში საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურში ოჯახის წევრი უკონკურსოდ დაასაქმა. რა გამოიკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად და რა ხდება მუნიციპალიტეტის მერიაში? სკანდალური თემის დეტალების სულხან მესხიძე გვიერთდება.
თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ შ.პ.ს „ქედის კომუნალურსერვისის“ დირექტორის, მალხაზ სურმანიძის სასამართლო დავა გასული წლის ნოემბერში დასრულდა. იგი, სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მე 3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ ცნეს და ორი წლით, პირობითი თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახით 7 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. შეპესე, რომლის დირექტორიც კომერციული მოსყიდვით გაასამართლეს, განაჩენიდან რამდენიმე დღეში მუშაობა იმავე ორგანიზაციაში გააგრძელა, სადაც ბრალი კომერციული მოსყიდვით დაუმტკიცდა. მალხაზ სურმანიძესთან ერთად დაწესებულებაში მისი შვილი მანონი სურმანიძეც მუშაობს, რომელიც უკონკურსოდ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად მამამ დანიშნა.
რატომ დანიშნა საკუთარი შვილი კონკურსის გარეშე იმავე შეპესეში და ხედავს თუ არა ამაში პრობლემას? ვკითხეთ მალხაზ სურმანიძეს რაზეც მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მხოლოდ ის თქვა, რომ კანონი არ დაურღვევია და მისი შვილი კარგი თანამშრომელია.
რის საფუძველზე გადაწყვიტა მერიამ კომერციული მოსყიდვით გასამართლებული პირის ისევ იმ შეპესეში მუშაობის გაგრძელება, სადაც მას ბრალი დაუმტკიცდა? მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სურმანიძის გათავისუფლების საფუძველს არ იძლეოდა.
ლევან გორგილაძე პრობლემას ვერც იმაში ხედავს, რომ მალხაზ სურმანიძემ შვილი იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, სადაც ხელმძღვანელი თავადაა.
შეპესეს დირექტორის მიერ საკუთარი შვილის დასაქმების ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბოლო კვლევაში მოხდა.
ცნობისთვის, „ქედის კომუნალურ სერვისი“ მუნიციპალიტეტის დასუფთავებას, ნარჩენების მართვასა და სკვერების მოვლას ახორციელებს. მე აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ აღნიშნული თემით დავინტერესდით, სიუჟეტის მზადების პროცეში შეპესეს დირექტორმა მალხაზ სურმანიძემ თანამდებობა დატოვა. ქედის მერიაში განმარტავენ, რომ ყოფილი დირექტორი საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა და მის პოზიციაზე, ლევან ბერიძე დაინიშნა.