07, აპრილი 2020 17:09:00
ამ წუთებში ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში პოლიცაა მობილიზებული. ოჯახს ძალოვანი უწყება გარშემომყოფებისა და ჟურნალისტებისგან იცავს. საქმე ისაა, რომ სოფელში 60 წლამდე ქალი სტუმრად იმყოფებოდა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი ოჯახში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. სპეციალისტები ახლა ქობულეთსა და ბათუმში კონტაქტების შესწავლა ახორციელებენ.
კარანტინში გადაიყვანეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი. ექვს ადამიანს სწორედ აღნიშნულ 60 წლის ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა შეხება. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა, მინდია კახიძემ განაცხადა, გამოძახებაზე მედიკოსები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ. ლაბორატორიული კვლევა კი თითოეულ მათგანს ჩაუტარდება. სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, კარანტინში გადაიყვანეს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“-ს თანამშროლებიც. ამ შემთხვევაშიც მედპერსონალს ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კონტაქტი.
სწორედ ამ ქალს ქალს უკავშირდება აჭარაში, კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა. ინფიცირებული ორი დღის განმავლობაში, ორ სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ნინო ნიჟარაძის თქმით, პაციენტს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა. აღენიშნებოდა მხოლოდ მუცლის ტკივილი და დიარეა. მისივე თქმით, მედპერსონალი, ვისთანაც აღნიშნულ პირს ჰქონდა შეხება, კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. ასეთი კი ამ ეტაპზე სულ 7 მოქალაქეა. რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსით სულ 10 პირია ინფიცირებული.