27, ოქტომბერი 2021 13:18:00
"რაღაც პროფესიებზე დაიწყეს ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახიან, „ნაცმოძრაობის“ მედიას ვთხოვ, ნუ დასცინით ხალხს, თავი დაანებეთ მათ დევნას, ბულინგს" - ეს კომენტარი "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც მიმართა და მოუწოდა დაანებონ თავი იმ ადამიანების ქილიკსა და ბულინგს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე დასწრებას გეგმავენ.
„მე გთხოვთ, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, რომ თავი დაანებოთ ხალხის დევნას, ბულინგს, ნუ დასცინით ამ ხალხს. ადამიანი, რომელიც ვერ არის რაღაცაში გარკვეული, სადღაც, რომელიღაც რაიონში წააწყდით და სადმე მიდიხართო ჰკითხეთ და აბულინგებთ და დასცინით, არ არის სწორი საქციელი. გუშინ რაღაც პროფესიებზე დაიწყეთ ხუმრობა და ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახით, შემდეგ სიპი-სა და აიპების თანამშრომლებს უკრძალავთ აქციაზე ჩამოსვლას თუ ისინი შვებულებაში არიან მაინც, ნუ აკეთებთ ამას, ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ერთი დღე იქნება, როცა თქვენც შეხედავთ დღევანდელი დღიდან გამომდინარეც, მათ შორის, რომ არ შეიძლება ბოროტებისა და სიცრუის მხარეს დგომა.არანაირ კონტრაქციაზე აქ საუბარი არ არის, უბრალოდ არის საუბარი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უარს ეუბნება ბოროტებას, სიცრუეს და დგას სიმართლის, სიკეთის და განვითარების მხარეს,“- განაცხადა მდინარაძემ.