15, ნოემბერი 2018 20:01:00
შშმ პირების პრობლემებზე საუბარს განვაგრძობთ. პანდუსები მხოლოდ ფასადურად და ბარიერი, რის გამოც მათ სხვადასხვა სერვისზე ხელი არ მიუწვდებათ. ნახევრად ადაპტირებული გარემო მაღალმთიან აჭარაში. ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო სრულად ვერ ასრულებს. რა ქმნის პრობლემას? საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები თუ საჯარო მოხელეთა ნაკლები ინტერესი? რატომ ვერ ახერხებენ მერები შენობების ადაპტირებას? პასუხები პასუხისმგებელ პირებს მოვთხოვეთ.
ეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაა. პანდუსი აქ შესასვლელთან მოწყობილია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მეორე და დანარჩენ სართულებზე ასვლას ვერ ახერხებენ, რადგან შენობა სრულად ადაპტირებული არ არის. ქედის მერის თანაშემწე ამბობს, რომ გაეროს რეკომენდაციების გათვალისიწინებით მუშაობენ. გიორგი ტაკიძეს ამის დასტურად მერიაში დასაქმებული სპეციალური საჭიროების მქონე ორი ადამიანი მოჰყავს.
იდენტური მდგომარეობაა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. პანდუსი აქ შენობის გარე ფასადზეა მოწყობილი. ეტლით მოსარგებლე სველი წერტილის გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ შენობას შემოუვლის. მერის მოადგილე გვარწმუნებს, რომ ადაპტიებისთვის სამუშაოები დაწყებულია.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედა სართულებზე ასვლას ახერხებენ. აქ პანდუსი ქედის და შუახევის მერიების შენობის მსგავსად მხოლოდ გარეთაა მოწყობილი. უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ თვითმართველობის ობიექტის კონსტრუქცია მის სრულ ადაპტირების საშუალებას არ იძლევა.
2013 წლის 27 დეკებმერს პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიკაცია მოახდინა. დოკუმენტის თანახმად, იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად არსებობისა და ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება მიეცეთ, სახელმწიფომ ყველა შესაბამის ზომას უნდა მიმართოს, რათა მათთვის უზრუნველყონ, სხვადასხვა სერვისების მომსახურებების ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.