03, ივნისი 2019 17:00:00
აჭარის განათლების სამინისტროს მაია ხაჯიშვილი უხელმძღვანელებს. ქალი ხელმძღვანელი დღეს, რეგიონის პირველმა პირმა წარადგინა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხაჯიშვილს ყველა ის ეტაპი აქვს გავლილი, რაც განათლების სფეროს უკავშირდება. მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ხაჯიშვილი იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომელიც სამინისტროს წინაშე არსებობს. მაია ხაჯიშვილი მანამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შეგახსენებთ, განათლების მინისტრის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთავრობის თავჯდომარემ ინგა შამილიშვილი გაათავისუფლა. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ 26 მაისის ღონისძიებაში, რუსული ანსამბლი მონაწილეობდა, მსვლელობის დროს კი მეზობელი ქვეყნის დროშებს აფრიალებდნენ.