21, ივნისი 2019 20:42:00
მოქალაქეებმა ხელისუფლების ბოდიში არ მიიღეს. ქართველი ხალხი კვლავ ქუჩაშია. გავრილოვი, კი რომელიც გუშინ ქვეყნის მთავარი ორგანოს მთავარ სკამზე მოკალათდა, დღეს ამტკიცებდა, რომ იქ იჯდა, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა. პუტინი გამოძიებაში რუსული მხარის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. რა ქრონოლოგით ვითარდებოდა მოვლენები? ვნახოთ სიუჟეტი
რეზინის ტყვიები, ხელკეტები და წყლის ჭავლი - რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები ძალის გამოყენეებით დაშალეს. აქცია, რომელიც რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გაპროტესტებით დაიწყო, მოქალაქეების დაშავებით დასრულდა. პარლამენტთან შეკრებილები, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებას არ ელოდნენ.
რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა და აქტივისტებმა სპეცდანიშნულების რაზმის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს თავდაპირველად ფარებითა და ხელკეტებით იგერიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ჯერ ცრემლსადენი გაზის, შემდეგ კი რეზინის ტყვიების გამოყენება დაიწყეს.
პარლამენტის შენობაში შეჭრა აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 1 საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას წაუყენა.
მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სპეცდანიშნულების რაზმს აქციის დაშლა რამდენჯერმე მოუხდა, ვინაიდან რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს გაქცეული მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ ისევ ბრუნდებოდნენ.
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები საბოლოოდ მას შემდეგ დაშალეს, რაც ტერიტორიაზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, თუმცა გიორგი გახარია მომიტინგეებთან არ გამოსულა. შენობაში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, სუსის უფროსი და მმართველი გუნდის წევრებიც. მამუკა ბახტაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს მოგვიანებით პარტიის ოფისიდან გამოეხმაურა და მომხდარს უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგი უწოდა.
სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმესაათიანი შეტაკება, ათეულობით ადამიანის დაკავებით დასრულდა.