22, ივლისი 2019 10:10:00
14-19 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობისა“ და გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის ინიციატივით სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ჩატარდა.
ექსპედიცია ხორციელდება გერმანული სამწლიანი პროექტის „ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“-ს ფარგლებში, რომელსაც „გერმანული კვლევის ფონდი“ აფინანსებს.
პროექტის მთავარი მიზანი უნიკალური ქართული ტრადიციული სიმღერების ახალი ტექნოლოგიებით დოკუმენტირებაა.
ექსპედიციის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი ტრადიციული სიმღერისა და საკრავებზე შემსრულებლების ჩაწერა ლარინგოფონების გამოყენებით, რაც ტრადიციული მუსიკის ისტორიაში ინოვაციურ მეთოდს წარმოადგენს და რაც ჩაწერილი მასალის ახლებურად, კერძოდ, კომპიუტერულად დამუშავებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა.
ექსპედიციას გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენკ შერბაუმი ხელმძღვანელობს.
ხალხური შემსრულებლების თანხმობით ჩაწერილი მასალის გამოყენება შესაძლებელი იქნება სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლელო და სხვა არაკომერციული მიზნებისათვის. რაც მთავარია, მასალა სრულად განთავსდება ელექტრონულ პლატფორმაზე https://www.audiolabs-erlangen.de და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ჩაწერილი აუდიომასალა შემსრულებლებს სასწავლო და სტანდარტული აუდიოალბომების გამოცემის მიზნით უსასყიდლოდ გადაეცემა. ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით უკვე დაგეგმილია რამდენიმე გამოცემა.
სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ხორციელდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გალობის უნივერსიტეტისა და პოტსდამის უნივერსიტეტის ეგიდით.
გერმანიის კვლევით ფონდთან ერთად პროექტის თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“.