აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ბრიტანელი ბლოგერი, მოგზაური და ბრიტანეთის მწერალთა ასოციაციის წევრი რებეკა ან ჰალლი სტუმრობს. თბილისის დათვალიერების შემდეგ ბლოგერმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ქედის ტურისტული მარშრუტი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი მოინახულა. ბლოგერი აჭარის გზამკვლევს ბრიტანული სამოგზაურო გზამკვლევისთვის Rough Guides მოამზადებს, სადაც მოგზაურებს ახალ და საინტერესი ტურისტულ მიმართულებებს სთავაზობენ. გარდა ამისა, საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგერი ვრცელ მასალას განათავსებს საკუთარ ბლოგზე, რომელსაც ბრიტანეთსა და საბერძნეთში ათი ათასობით მკითხველი ჰყავს. გონიოს ციხეში ბლოგერს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა გაუწია მასპინძლობა და რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე ესაუბრა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა. პრესტურები წლის ბოლომდე გაგრძელდება. შემოდგომაზე რეგიონს ჟურნალისტები დიდი ბრიტანეთიდან ეწვევიან.
„ბლოგისა და გზამკვლევის შედეგად ჩემი მიზანია ვაჩვენო ბრიტანელ მკითხველს თქვენი გასტრონომია, კულტურა, თუ რისი შეთავაზება შეუძლია რეგიონებს ტურისტებისთვის. ეს სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი მკითხველისთვის და ჩვენი მიზანია დავანახოთ მათ, თუ რისი გაკეთება და ნახვა შეუძლიათ საქართველოსა და რეგიონში მოგზაურობისას. ჩემთვის ბათუმი არის საინტერესო ნაზავი ძველისა და ახლის, ევროპული და აზიური კულტურებისა და არქიტექტურის, რელიგიების. ერთის მხრივ თქვენ გაქვს ახალი პრომენადები, შენობები და მეორეს მხრივ ძველი ევროპული არქიტექტურა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ახალია ბრიტანელებისთვის,“ განაცხადა ბრიტანელმა ბლოგერმა რებეკა ან ჰალლიმ.