29, ოქტომბერი 2019 20:55:00
შემზარავი ავარია ტრაგიკული შედეგით. ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტე კლასელები ემსხვერპლა. მანქანას, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ხეს შეეჯახა. მასში 6 მოზარდი იჯდა. შემთხვევამ კი 2 მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა. 2 მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, ბოლო 24 განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ავტოავარიების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.
შემზარავი ტრაგედია სოფელ ქობულეთში დღის მეორე ნახევარში მოხდა. მანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა ხეს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო საშუალებაში 6 მოზარდი იჯდა. შემთხვევის შედეგად 2 მეთორმეტე კლასელის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო დაწესებულებებში 4 მოზარდი, 2 - გოგო და 2 ბიჭი მოათავსეს. 1 მათგანი, 17 წლის ბიჭი ქუთაისში ყბა-სახის ოპერაციისთვის, ოჯახის გადაწყვეტილებით, რეანომობილით გადაიყვანეს. ორ პაციენტს ქირურგიული ჩარება უკვე ჩაუტარდა და რეანიმაციაში რჩებიან. მანქანაში მჯდომი მოსწავლეებიდან დამაკმაყოფილებელი მხოლოდ 2-ის მდგომარეობაა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. მაია ხაჯიშვილი აცხადებს, 6-ვე მოზარდი თანაკლასელია.
იდენტურ ინფორმაციას ფლობს სკოლის დირექტორიც. ნაირა მახარაძის განცხადებით, მოზარდები საგანმანათლებლო დაწესებულების ტრანსპორტს სახლებთან სიახლოვის გამო არ იყენებდნენ. სწორედ ამიტომაც საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მათ სკოლა დატოვეს. დაწესებულების ხელმძღვანელმა არ იცის როგორ აღმოჩნდნენ მოზარდები მანქანაში.
ჯერ ჯერობით უცნობია სად მიდიოდნენ მოსწავლეები მანქანით. ტრანსპორტი, რომელსაც მოსწავლე მართავდა, ერთ-ერთი მეთორმეტე კლასელის მამას ეკუთვნოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.