ერს ჰყავს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი პატრიარქი - სასულიერო პირის შოკისმომგვრელი განცხადება
საზოგადოება
დიდი ხუთშაბათი საპატრიარქოში. სასულიერო პირების შოკისმომგვრელი განცხადებები და ბრალდებები, რომლემაც საზოგადოება აღაშფოთა. მთელი დღის განმავლობაში რეპლიკები ყველა მხრიდან კეთდებოდა. მათ შორის ყველაზე მწვავე იყო მეუფე პეტრე ცაავა. ერს ჰყავს მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი პატრიარქი ილია მეორე- ეს სწორედ მისი სიტყვებია. სინოდმა მას დღეს უფლებამოსილება შეუჩერა და ახლა ბრძოლისთვის და კონკრეტული სასულიერო პირების მხილებისთის ემზადება. სულხან მესხიძე ეცნობოდა მთელი დღის განმვალობაში ისტორიული მოვლენის ყველა მთავარ დეტალს და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. სულხან საღამომშვიდობისა და გისმენთ
სინოდის გადაწყვეტილებას, მონასტერში წავიდეს, მეუფე პეტრე არ დაემორჩილება. ის ასევე, უსამართლოს უწოდებს გადაწყვეტილებას მისი ეპარქიიდან განკვეთაზეც. ამბობს, რომ მხილება და სიმართლის თქმა არ არის უხამსობა და მზადაა, ყველა ბრალდება დაამტკიცოს. ბრალდება კი უმძიმესია. ჭყონდიდის უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა, რომელმაც დღეს სინოდის სხდომა სტატუს ჩამორთმეულმა დატოვა, მანამდე გაკეთებული ყველა სკანდალი გადაფარა და პატრიარქს დაუპირისპირდა. ამბობს, რომ მისი ჩამოშორების მიზეზიც სწორედ პატრიარქის მხილებაა.
სასულიერო პირების განცხადებებიდან ირკვევა, რომ მწვავე იყო სინოდის სხდომაც. ამბობენ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სინოდს მისი გადაყენების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. სასულიერო პირების ინფორმაციით, როდესაც მეუფე პეტრემ ნახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და თითების ქნევა დაუწყო. სკანდალური იყო საპატრიარქოს იურისტის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მკვლელობაც კი სურდა.
მეუფე პეტრესგან განსხვავებით დღევანდელი სინოდის სხდომა წარმატებით დასრულდა ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის. სასულიერო პირებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება მისი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ. მიზეზად გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.
მეუფე პეტრეს სკანდალმა დღეს ფაქტობრივად გადაფარა მეუფე იაკობის სკანდალი. სინოდის სხდომა, რომელიც წელს არ ჩატარებულა, სწორედ ბოდბელი ეპისკოპოსის იმ განცხადების შემდეგ დაინიშნა, რომელშიც მან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, თუმცა, როგორც სინოდის წევრები ამბობენ, მეუფე იაკობის საკითხი სხდომაზე დღეს იმით ამოიწურა, რომ მან შენდობა ითხოვა და ეპისკოპოსობაც შეინარჩუნა. სასულიერო პირები თანხმდებიან, რომ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები უსიამოვნო და არაკორექტული იყო.
სტატუს ჩამორთმეული პეტრე ცაავას ადგილზე ჭყონდიდის ეპარქიაში უკვე გამწესდა წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი. სინოდის სხვა გადაწყვეტილებების შესახებ კი ჯერ არ არის ცნობილი და მათ შესახებ საზოგადოება განჩინების გამოქვეყნების შემდეგ შეიტყობს. მათ შორის იმაზეც, იმსჯელა თუ არა სინოდმა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე.