04, ნოემბერი 2019 20:17:00
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ეპარქია დატოვა. “ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას” - ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას პრობლემების მოგვარებამდე გეგმავს. სულხან მესხიძე გვიერთდება დეტალებით.
12 წლიანი ისტორია დასრულებულია, პეტრე ცაავამ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა. მღვდელმთავრობიდან სკანდალური და უმძიმესი ბრალდებების გამო გადაყენებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებები უსამართლოა, ხოლო პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი აქვს.
სანამ ეპარქიას დატოვებდა სამომევლო გეგმებზე ყოფილმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. არ გამორიცხავს, რომ მღვდლობიდან განკვეთონ, სამომავლო გეგმად კი ეკლესიის გაჯანსაღებისთვის დაწყებული ბრძოლის გაგრძელება აქვს.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი სინოდის სხდომებს თავად ვეღარ დაესწრება, თუმცა ფიქრობს, რომ იმის დასადგენად თუ ვინ იტყუება საპატრიარქოში, მომავალი სხდომები პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, ბოდბელი ეპისკოპოსის ბოლოდროინდელ ხმაურიან განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მეუფე იაკობმა თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქის გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ. პეტრე ცაავა არ გამორიცავს, რომ მეუფე იაკობი ნახევარ სიმართლეს საუბრობს, თუმცა ის მისთვის არასერიოზული ადამიანია.
მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია ხუთმა მონაზონმა და წინამძღვარმა ანდრია სარიამ დატოვა. დღეს დილიდან კი ჭყონდიდის ეპარქიაში სპეციალურმა კომისიამ გადაბარების პროცესი დაიწყო. შეხვედრას ყოფილი და ახალი მიტროპოლიტებიც ესწრებოდნენ.