როგორ აგროვებს ბერი ასიათასობით ლარს უძრავი ქონების შესაძენად? ან სჭირდება თუ არა მას კეთილმოწყობილი სახლ-აგარაკი - ამ სათაურით კვლევას ორგანიზაცია "აი ფაქტი" ავრცელებს.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
სჯულის კანონის თანხმად, ბერს საკუთრებაში ქონება არ უნდა გააჩნდეს. „ბერი არა მარტო აღკვეცისას, არამედ მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე უარს ამბობს პირადი ქონების ფლობაზე. მონაზონს არ უნდა გააჩნდეს საკუთარი არც ბინა, არც მამული, არც აქციები, არც მაღაზიები, არც ბიზნესი (პარადოქსიც კია) და არც არაფერი ამდაგვარი. თუ რამ ქონება გააჩნდა აღკვეცამდე, უნდა გასცეს და მიწიერისგან სრულიად თავისუფალი შეუდგეს ბერობას,“ წერს საკუთარ გვერდზე მღვდელი თამაზ ლომიძე.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტობა კი 2007 წელს ებოძა.
ბერად აღკვეცის შემდეგ მიტროპოლიტის ნაგროვები უძრავი ქონება ასე გამოიყურება:
1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა წილკანში, რომელიც მიტროპოლიტს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ბრძანებულებით გადასცა 2007 წლის 15 სექტემბერს.
1811 კვ.მ. მიწა, ორი შენობა-ნაგებობით ყაზბეგის რაიონში, სოფელ აჩხოტში. საჯარო რეესტრმა არ გამოგვიგზავნა ის დოკუმენტი, რომელიც ქონებაზე უფლების წარმომავლობას ადასტურებს. სახლის ფოტოებს კომენტარებში იხილავთ ვრცლად.
2011 წლის 11 აპრილს მიტროპოლიტმა 266,862 ლარად იყიდა ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე (157.5 კვ.მ.) და ერთ კვირაში ეკატერინე შიოლაშვილს აჩუქა.
უძრავი ქონების ამსახველი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/olpae1
მიტროპოლიტი დიმიტრი ხელმძღვანელობს კერძო პირებისა და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ შემდეგ არაკომერციულ ორგანიზაციებს:
• ფონდი „ბავშვები ჩვენი მომავალია“
• „ფერიის მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსისა და სხვა ეკლესია-მონასტრების რესტავრაცია-მშენებლობის ფონდი“
• „ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრი“
• ალექსანდრე და ნატალია ჩხიკვაძეების სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ბერიკა“
• ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდი
____________________________________________________________________________________________
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი იოანე გორელიშვილი "აი ფაქტი"-ის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი სოლიდურ უძრავ ქონებას ფლობს. როგორც იოანე გორელიშვილი აცხადებს, კვლევა უზუსტობებს შეიცავს.
"თქვენ როგორ ფიქრობთ, უპატრონო ბავშვები იყვნენ და ქუჩაში გაიზარდნენ?! მათ ჰქონდათ მშობლებისგან დანატოვარი სახლი და ამაზე არის სწორედ ლაპარაკი. მშობლებისგან რაც ჰქონდათ დანატოვარი, ის გადასცეს თავის შვილებს.
რაც შეეხება ვაკის ბინას, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს მის სახელზე არ არის. ეს არის მისი შვილის და მას ჰყავდა მეუღელე. გახლდათ ქორწინებაში. მისი მეუღლე არის გარდაცვლილი, მის მეუღლესაც გააჩნდა ქონება და რა თქმა უნდა დარჩა მის შვილებს. როდესაც ფონდები დაარსდა და დაწესებულებები გაიხსნა, მეუფე დიმიტრი მაშინ გახდლათ მღვდელი და მაშინ არანაირი დაფინანსება არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან. წლების განმავლობაში მეუფე საკუთარი ფინანსებით ცდილობდა ბავშვებზე ზრუნვას და მოხუცებზე ზრუნვას," - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების მიერ მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ სასულიერო პირს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აქვს მიწის ნაკვეთები, რამდენიმე წლის წინ კი ყიფშიძის ქუჩაზე ბინა შეიძინა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ძმისშვილი (ერისკაცობაში – ნოდარ შიოლაშვილი), ბერად 1996 წელს აღიკვეცა. "აი ფაქტი" წერს, რომ ბერს სჯულის კანონის თანახმად საკუთრებაში ქონება არ უნდა გააჩნდეს.