26, ივლისი 2021 11:41:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აქციების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა. მთავრობის მეთაური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო ორ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი. რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა აქციების შემდეგ - ინფიცირების რაოდენობა გაორმაგდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას ნებისმიერ შეკრებასთან დაკავშირებით“, - თქვა პრემიერმა.