29, ივლისი 2021 19:21:00
საქართველოს რეგიონებში ნედლი თხილის რეალიზაცია უკვე დაიწყო. 1 კგ პროდუქტის ფასი ამ ეტაპზე 3-3,50 ლარია, რაც ,,ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ თანადამფუძნებლის თქმით, უპრეცენდენტოდ მაღალია.
,,ჯერ კიდევ რთულია საუბარი იმაზე, როგორი იქნება წელს თხილის ფასი, რადგან ყველაზე დიდ მწარმოებელს, თურქეთს ფასი ამ დრომდე არ დაუდგენია. ახლა, ქართულ ბაზარზე სველი თხილის ფასი 3 ლარიდან 3.5 ლარამდე მერყეობს, რაც მშრალ თხილზე გადაანგარიშებით, 6 ლარი გამოდის და სეზონის დასაწყისისთვის ასეთი მაღალი ფასი აქამდე არასოდეს ყოფილა. გასულ წელს, მშრალი თხილის ფასი 5-დან 5.50 ლარამდე მერყეობდა. გამოდის, რომ ღირებულება მინიმუმ 50 თეთრით არის გაზრდილი.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი 49%-ით გაიზარდა. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით კი, 2020 წელს თხილის მოსავალმა 50 ათასი, ხოლო 2019 წელს 35 ათასი ტონა შეადგინა. წელს კი თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 10-15%-ით მეტ მოსავალს ელიან.