19, სექტემბერი 2018 10:49:00
გონიო - აფსაროსის ციხის კედლების გარეთ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ირკვევა, რომ თავდაპირველ რომაულ ციხეს, განსხვავებული ფორმა ჰქონდა. გათხრების შედეგად, არქეოლოგების ვარაუდი გამართლდა და აღმოჩენილ იქნა თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი, რომელიც განსხვავებულია როგორც კონსტრუქციით, ისე თარიღით. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. მეცნიერების თქმით, გათხრები უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს. მომდევნო გარნიზონებმა აღადგინეს არა მარტო თავდაცვითი კედლები, არამედ ციხის შიგნით განლაგებული შენობები. გონიოს რომაულ ციხე აფსაროსში, ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას პროფესორები შოთა მამულაძე და რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი ხელმძღვანელობს.