"თსუ დესპანი" - პროექტის ფარგლებში, თსუ-მ ბათუმელ აბიტურიენტებთან შეხვედრები დაიწყო

შეხვედრა

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიებისა და სტუდენტური ცხოვრების გაცნობა - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ბათუმელ აბიტურიენტებთან შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტ “თსუ დესპანის” ფარგლებში დაიწყო.

პირველი შეხვედრა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, გოგა ანთიძემ სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის პროექტი „თსუ დესპანი“ მე-12 წელია ხორციელდება. მისი მიზანია, რომ ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება. პროექტისადმი სტუდენტების ინტერესი მუდმივად მზარდია. წელს, მასში მონაწილეობის სურვილი 600-მდე სტუდენტმა გამოთქვა, 330-მა მოიპოვა დესპანის სტატუსი. მათ გაიარეს ტრენინგები და დაეუფლნენ საჭირო საპრეზენტაციო უნარებს.

პროექტში მონაწილე დესპანებს საშუალება აქვთ ჩაერთონ მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სახის აქტივობაში, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი პასუხობს უნივერსიტეტის მესამე მისიით განსაზღვრულ საჭიროებებს და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორატის ხელშეწყობით, „თსუ დესპანი“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ახალგაზრდული მოხალისეობის პლატფორმაა, რომელიც სტუდენტ-მოხალისეებს, საინტერესო იდეებისა და აქტივობების განხორციელებაში ეხმარება.

მეტის ნახვა