უმცროსი ექიმები, რომლებსაც რეზიდენტურა არ გაუვლიათ, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან

ექიმი

უმცროსი ექიმები, რომლებსაც რეზიდენტურა არ გაუვლიათ, მაგრამ აქვთ, სულ მცირე, "შესაბამისი ვადის პრაქტიკული გამოცდილება", სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან - შესაბამისი ბრძანება  ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გამოსცა.  უმცროსი ექიმის დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესი და პირობები, ასევე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა  სარჯველაძემ 31 ივლისს დაამტკიცა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია: ფსიქიატრია, რადიაციული ონკოლოგია, ბავშვთა გასტროენტეროლოგია, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, ბირთვული მედიცინა, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა ინფექციური სნეულებები, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია, რევმატოლოგია და სასამართლო მედიცინა.

ცვლილებების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

მეტის ნახვა