ახალი ამბები • 1745831946
საიამ მზია ამაღლობელის სახელით საჩივრით ევროსასამართლოს მიმართა

მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა. საჩივარი ევროსასამართლოში დღეს გაიგზავნა
"საიამ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთ ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება- კონვენციის მეხუთე უხლი ; კონვენციის მეექვსე მუხლი- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; კონვენციის მერვე მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება , კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება; კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება); უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)" -განაცხადეს საიაში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ირაკლი დგებუაძე სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია.
ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”. 18 მარტს ის ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

1739131407