კობახიძის ღია წერილი ახალგაზრდებს

"ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს"- ამ სახელწოდებით პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთი თვის წინ ჩაატარეს კვლევა და რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შეამოწმეს. მისი მტკიცებით, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში "ოცნების" მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო. პრემიერი ამ წერილში ანტირუსული აქციების მონაწილე ახალგაზრდებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ "აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან". მთავრობის მეთაური მომიტინგეებს ილია ჭავჭავაძის მკვლელს ადარებს. კობახიძე ამავე წერილში ამტკიცებს, რომ "ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია". კობახიძე გულწრფელ ახალგაზრდებს ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათზე იზრუნებს.

კობახიძის ღია წერილი ახალგაზრდებს

 

ირაკლი კობახიძე:

 

გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი", რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ.

ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.

როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.

მეტის ნახვა