25, მარტი 2020 17:08:00
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ავტობუსებში შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მათ ხელფასებზე და ამ პერიოდის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას ისინი ჩვეულებრივ მიიღებენ. პრევენციის მიზნით, ავტობუსის მძღოლისა და მგზავრთა დისტანცირება სპეციალური ლენტის საშუალებით მოხდა. ამასთან, მოქმედებაშია მხოლოდ უკანა კარი. ამუშავდა, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციაც. მგზავრის გადაყვანის დროს: ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს ღია და მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს. ამასთან, მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. გრძელდება ბაღების დეზინფექციაც. ერთჯერადად, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით იწმინდება მრავალბინიანი კორპუსები. სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება სკოლებს, სასადილოებს, ბიბლიოთეკებს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს, ღამის თავშესაფარს, ადმინისტრაციულ შენობებსა და ოცნების ქალაქს.