29, ნოემბერი 2019 13:14:00
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით გაიზარდა და 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობამ 5.9%-ით 22.5 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა.
საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (127%-ით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 1.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
საანგარიშო თვეში მცირედით მოიკლო ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა (0.9%-ით), თუმცა, იტალიიდან (24.6%-ით), გერმანიიდან (19.7%-ით) და პოლონეთიდან (32.4%-ით) მიღებულმა გზავნილებმა კვლავ მაღალი ზრდა აჩვენეს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე საფრანგეთიდან გზავნილების მატება. რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა ყირგიზეთიდან (90.7%-ით) მიღებულმა გზავნილებმა.
ზომიერად მოიმატა აშშ-დან და ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობამ. მეორე მხრივ, უარყოფითი წვლილი ზრდაში ჰქონდა რუსეთიდან (-1.3 პპ) ფულადი გზავნილების კლებას, ხოლო თურქეთიდან გზავნილები ზომიერად იყო მომატებული.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (32%) და რუსეთი (24.7%) წარმოადგენდნენ.
ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.