04, ივნისი 2020 12:46:00
გუშინ, დედაქალაქში "ქართული ოცნების" ლიდერების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის დელეგაციაც ესწრებოდა - ამის შესახებ TV25.GE-ს მმართველი გუნდის წარმომადგნელი უყვება. მისივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნები და მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატების დასახელება იყო.
წყაროს გვიყვება, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატად მაღალმთიანეთს თორნიკე რიჟვაძე წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პარლამენტში დეპუტატობისთვის ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განიხილება.
წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების შტაბებს მუნიციპალიტეტებში საარჩევნოდ მერები უხელმძღვანელებენ.
დედაქალაქში გამართულ შეხვედრას ქედის, ხელვაჩაურისა და შუახევის მერები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
შუახევის მერის თქმით, შეხვედრისას მიმდინარე საარჩევნო და პარტიული საკითხები განიხილეს, თუმცა არ აკონკრეტებს დეტალებს. ფრიდონ ფუტკარაძემ ჩვენს დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა და ტელეფონი გაგვითიშა.
დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა ქედის მერმა, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოუცლელობის გამო, ტელეფონი გაგვითიშა.
იქნება თუ არა თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი? ჩვენს შეტყობინებას მან არ უპასუხა.
TV25.GE ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.