18, აგვისტო 2020 18:00:00
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მოქალაქეების არჩევანის დაცვა - ოპოზიციამ დეკლარაცია მიიღო. 30 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა დეკლარაციის ტექსტზე, რომლის მიხედვითსაც, 2020 წლის არჩევნებზე პარტიები, საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები დოკუმენტს ხელს რამდენიმე დღეში მოაწერენ. დეკლარაციის თანახმად, პარტიები ყველა ოლქში კოორდინირებულად იმუშავებენ, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დაუყენეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამის მისაღწევად კი ოპოზიცია თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას აპირებს.