საარჩევნო გადასატანი ყუთის სიებში ისეთ ადამიანებს წერენ, ვისაც შესაბამისი საჭიროება არ გააჩნიათ - ენმ-ს ბრალდება ოცნებას
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" კოორდინატორები, საარჩევნო გადასატანი ყუთის სიებში ისეთ ადამიანებს წერენ, ვისაც შესაბამისი საჭიროება არ გააჩნიათ. - ამის დამადასტურებელ ვიდეომასალას, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. ჩანაწერის მიხედვით, ამომრჩეველთა ნაწილი, ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, ნაწილი კი ადასტურებს, რომ ისინი სიაში მმართველი გუნდის წევრებმა შეიყვანეს. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ,,ცესკოსა" და ხელისუვლებას აკისრებს. წინა საარჩევნო დარღვევების შესახებ დეტალურად ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.
პირი რომელიც გადასატანი ყუთის სიაშია ჯანმრთელობის პრობლეები არ აწუხებს. უფრო მეტიც გადადგილებაც შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო უბანზეც შეძლებს მისვლას. როგორც ირკვევა განცხადება მას არ დაუწერია, კენჭიშყრაში მონაწილეობის ამგვარი კომფორტი სოფლის გამგებელმა შესთავაზა. გარდა ამ კონკრეტულისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანზე, მსგავსი შემთხვევა მრავლადაა. ისინი არც იმას მალავენ, რომ გადასატან ყუთზე, „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლებმა დაარეგისტრირეს, ერთ-ერთი მოქალაქის თქმით კი, მსგავსი შეთავაზებით, მასთან პირადად საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი მინდია დიასამიძე მივიდა.
ამ ვიდეოჩანაწერებს „ ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ ეს მოახლოებული არჩევნების გაყალბების მცდელობაა. მიშა ბოლქვაძე, საუბნო საოლქო კომისიებსა და ცესკოს მიმართავს, რომ 29 სექტემბრამდე ჯანმრთელი ადამიანები, ამგვარი სიებიდან ამოიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მთავარი ოპოზიციური პარტია პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს.
ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ამტკიცებს, რომ აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის“ დადგმული სპექტაკლია. მინდია დიასამიძე გვარწმუნებს, რომ მოქალაქეებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი თქმით, ოპონენტები ცდილობენ მსგავსი პროვოკაციებით რეიტინგი აიმაღლონ.
ხელვაჩაურის 83-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის დარეგისტრირებული მოქალაქეების სიები, 25 სექტემბრიდან გადამოწმდება. ომარ ვარსანიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კი დარღვევები გამოვლინდება, ჯანმრთელი მოქალაქეების სიებიდან ამოღება მოხდება.
ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებმა, მასალები, 83-ე ოლქის 5 სარჩევნო უბანზე მოიპოვეს. ესენია ახალშენის ტერიტრორიაზე მდებარე 18-ე, 19-ე, 20-ე, 21-ე და 23 -ე უბნები. ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, მსგავსი დარღვევა, ჯამში, 50-მდე მოქალაქესთან მიმართებით დაფქსირდა. გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილ სიებში შეტანილი პირების გადამოწმებას ოპოზიცია, კვლავ, აგრძელებს.