22, მაისი 2019 17:10:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადაიდო. მომდევნო პროცესი 12 ივნისს ჩაინიშნა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომაზე თქვა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მხოლოდ სასამართლოში საქმის მოგება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე ამის შემდეგ მშნეებლობის ნებართვას მიიღებს. სხდომის დაწყებამდე ბათუმის მერიის იურისტმა კიდევ ერთხელ ითხოვა პროცესის გადადება, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოპასუხე მხარის განცხადებით, შეხვედრის გამართვა, დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ მოხდა, თუმცა იურისტი ირწმუნება, მოლაპარაკებები ივნისის დასაწყისში აუცილებლად მოხდება. “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა”, ბათუმის მერიას სასამართლოში 2017 წელს უჩივლა. ისინი უწყების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თემს შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე უარი უთხრეს.