18, დეკემბერი 2019 22:00:00
ახალი დეტალები 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მოზარდის იდენტიფიცირება სამართალდამცავებმა სკოლის ვიდეოკამერებიდან ამოღებულ კადრებში ვერ შეძლეს, რის შემდეგაც სირაძის ამოცნობა თანაკლასელების დახმარებით მოახერხეს. ამის შემდეგ მოზარდის თანაკლასელმა გოგონამ სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიიყენა. ამ ფაქტს მწვანე სკოლის დირექტორი უარყოფს, თუმცა ადასტურებს- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი.
რატომ მიიყენა სხეულზე დაზიანებები 15 წლის გოგონამ ან რა კავშირი აქვს მას გარდაცვლილ ლუკა სირაძესთან-ამას გამოძიება არკვევს, ისევე როგორც 15 წლის ლუკას სუიციდის მოტივს.
რატომ უნდა დაეტოვებინა 15 წლის მოზარდს ყოფილი სკოლის კედელზე მსგავსი შინაარსის წარწერა- ეს კითხვა ბურუსით მოცულია. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მწვანე სკოლის ხელმძღვანელს, რომელმაც წარწერების აღმოჩენის შემდეგ 112–ში დარეკა, არ აქვს ინფორმაცია, როგორ გავიდა გამოძიება მათი ყოფილი მოსწავლის კვალზე, რომელიც მოწმის სახით დაკითხეს.
საგამოძიებო უწყება ერთი კვირის განმავლობაში უარყოფდა, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს რაიმე სახით იძალადეს. პოზიცია სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურმა 15 წლის ლუკას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შეცვალა და საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობეს, რომ მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
მოზარდზე ძალადობის ფაქტზე კი რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ახლა უკვე ბრალდებულმა გამომძიებელმა. მარიანა ჩოლოიანი მძიმე ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ დაუკითხავთ.
დასრულდება თუ არა 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავი მხოლოდ ერთი გამომძიებლის დაკავებით, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს დახურავს. სახელმწიფო ინსპეტორი პირობას დებს, რომ ხმაურიანი საქმის ირგვლივ კითხვის ნიშნები არ დარჩება.