21, თებერვალი 2020 23:19:00
8 წლიანი ლოდინის შემდეგ, ე.წ ოცნების ქალაში მშენებლობას საფუძველი დღეს ოფიციალურად ჩაეყარა. მასშტაბური პროექტი მთავრობას 38 მილიონამდე ლარი უჯდება. აშენდება სამი 12 სართულიანი კორპუსი. იქნება თუ არა საკმარისი 582 ბინა იქ მცხოვრებლებისთვის იმ ფონზე, როცა დასახლებაში თითქმის 2 ჯერ მეტი ოჯახია თვითნებურად ჩასახლებული?
ნანა თედორაძე 35 წლის მარტოხელა დედაა. ის სამ შვილთან ერთად ე.წ „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მუშაობას ვერ ახერხებს, რადგან მცირეწლოვან ბავშვებს სახლში მარტო ვერ ტოვებს. თედორაძეების 4 წევრიანი ოჯახი ხის 20 კვადრატულ ოთახში ცხოვრობს. ყოველი წვიმიანი თუ ქარიანი ამინდი სიდუხჭირესთან ერთად, კიდევ ერთ საფიქრალს უჩენს - არ დაენგრეთ თავშესაფარი.
ამავე დასახლებაში, უკვე ერთი წელია, რაც სამ შვილთან ერთად დაიდო ბინა მაგული შაინიძემაც. მარტოხელა დედა, ძირითადად სოციალური დახმარებით ცხოვრობს. იმისთვის, რომ თვეში დამატებით 250 ლარი გამოიმუშაოს, მცირეწლოვან შვილებს სახლში მარტოს ტოვებს. საყოფაცხოვრებო ნივთები რაც გააჩნია, ყველა ნათესავების საჩუქარია.
„ოცნების ქალაქში“ იმ ოჯახებისთვის, რომლებისთვისაც სახელმწიფომ ბინის აშენების გადაწყვეტილება მიიღო, პირველი სიმბოლური კაფსულა დღეს ჩაასხეს. მშენებლობის გახსნისთვის ჩამოვიდა პრემიერ- მინისტრიც. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცხოვრებლის დასრულების შემდეგ, დასახლებისთვის სკოლის მშენებლობაც დაიწყება.
ვინ გახდება აქ მცხოვრები ოჯახებიდან იმ 582 ბინის მეპატრონე, რომელთა მშენებლობაც 2021 წელს უნდა დასრულდეს, ჯერ ვერ აკონკრეტებენ. მთავრობა ამ ეტაპზე არც კრიტერიუმებზეა შეჯერებული.