20, ივლისი 2020 20:10:00
მანამ სანამ ივანიშვილი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენითაა დაკავებული, ბათუმში ერთ ერთ დასახლებაში მის ჰობს შეწირული ანუ ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანებული კიბის აღდგენას ითხოვენ. მოქალაქეებს პრეტენზიები აქვთ მოსაცდელის ადგილთან დაკავშირებითაც.
დაკმაყოფილებული მოთხოვნა და ახალი პროტესტი თამარ მეფის ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც წერილობითი მიმართვის საფუძველზე, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ავტობუსის გაჩერების წერტილი არსებულიდან მოშორებით მონიშნა, ქუჩის პირველ შესახვევში მცხოვრებლები ახლა მის უკან დაბრუნებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ შესაბამისმა სამსახურმა იგი იმდენად შორს გადაიტანა, რომ ურჩევნიათ ავტობუსში ჩასხდომა-გადმოსვლა ისევ იქ მოხდეს, საიდანაც სიარული უჭირთ.
ამ ტერიტორიიდან, ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ხეები წაიღო. საქმე იმაშია, რომ ტრანსპორტირებისას, ის სავალი ნაწილი დაზიანდა, რომლითაც მოსახლეობა საცხოვრებლებიდან ლიანდაგამდე და პირიქით, გადაადგილებას ახერხებდა.იმის გამო, რომ დაზანებული გზა, აღარავინ გააკეთა, ფიქრობდნენ, რომ ავტობუსის გაჩერების ადგილის შეცვლა და ალტერნატიული გზით სარგელობა უკეთესი იქნებოდ, თუმცა დღეს კაცხადებენ, რომ დასახლებიდან ძალიან შორს არის.
აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი მოთხოვნები, ადგილობრივებს მერიაში წერილობით არ დაუყენებიათ. სწორედ ამიტომ, „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა, ორგანიზაციას, ოფიციალურად უნდა მიმართონ, რომლის საფუძველზეც დაიწყება მის დაკმაყოფილებაზე მუშაობა.
რაც შეეხება კიბის მოწყობას, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილი, სადაც კიბე იყო განთავსებული, კერძო ტერიტორიაა, ამიტომ მას თავიდან ვეღარ ააშენებენ. მეპატრონეზე ინფორმაცია არც ბათუმის მერიაში და არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მოგვცეს. შესაბამისად, უცნობია, შეძლებენ თუ არა ადგილობრივები აქ სიარულს იმ შემთხვევაში, თუ კი ავტობუსის გაჩერების ადგილი, ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
გადაღებაზე მისულებს, ადგილობრივებმა სხვა პრობლემებზეც შემოგვჩივლეს. ამბობენ, რომ 50 ოჯახი, დასახლებაში, წლებია უწყლოდ ცხოვრობს. მათ არც საკანალიზაციო სისტემა აქვთ. ამბობენ, რომ მერიასთან ყოველი მიმართვა, უშედეგოპდ დასრულდა.
როგორც „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ თამარ მეფის ქუჩაზე, წყლის სისტემა უკვე დაქსელილია, დარჩენილია მხოლოდ აბონენტების გამრიცხველიანება, რასაც ბევრი დრო არ დასჭირდება. რაც შეეხება საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვეული კომპანია წლის ბოლოსთვის გამოვლინდება, სამუშაოები კი მოდევნო წლიდან დაიწყება.