17, დეკემბერი 2020 21:59:00
აჭარის, 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ბიუჯეტს, მხარი წარმომადგენლობითი ორგანოს 14-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცება, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საყვირების ფონზე მოუწიათ. დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა წარადგინა. 30-წუთიან სიტყვაში ჯაბა ფუტკარაძემ ძირითადად ბიუჯეტის ცვლილებებზე ისაუბრა. სხდომაზე არ მისულა ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც დეპუტატის მანდატზე უარს აღარ ამბობს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატატებს, პირველი პლენარული სხდომის ჩასატარებლად, დღესაც სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწიათ. „მონა“, „მოღალატე“ - შეძახილების შინაარსი „ალტერნატივამ“ უცვლელად დატოვა.
კონტრშეფასება სხდომათა დარბაზშიც გაკეთდა. სიტყვით, ვლადიმერ მგალობლიშვილი გამოვიდა.
განსხვავებული აზრი, წინანდება, შენიშვნა არ გამოთქმულა. 2021 წლის აჭარის ბიუჯეტი ზუსტად იმ ფორმით დაამტკიცეს, როგორც მთავრობამ წარმოადგინა. შეთანხმდნენ, რომ თანხების ძირითად ნაწილს, სამინისტროები კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე დახარჯავენ.
კოვიდპანდემიის მიზეზით, ჯანდაცვის სამინისტრო სამ მილიონ ლარს ხარჯავს საიმისოდ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოხდეს. განათლების სამინისტრო კი ნახევარ მილიონს სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის, პლანშეტების შესაძენად გაიღებს. ამ ფორმით მათ დისტანციურ სწავლებას უნდა შეეწყოს ხელი, თუმცა, სხდომაზე არაფერი უთქვამთ, ინტერნეტის ხელმისწავდომობის უზრუნველყოფაზე.
2021 წლის პროგრამული ბიუჯეტი ითვალისიწნებს სამუშაოებს გაზიფიცირებისთის, წყალმომარაგებისთვის, ე.წ. "ოცნების ქალაქში" მშენებლობის გაგრძელებას. გარდა ამისა, მილიონი ლარით გაიზარდა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი, რადგან ისევ გაგრძელდეს კოვიდსასტუმროების მართვა.
ახალი პროგრამები სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ დაუგეგმავს. ფერმერებს პირდებიან, რომ ხვნა-თესვის პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება.
ახალი მოწვევის პირველ პლენარულ სხდომაზე, ირაკლი ჩავლეიშვილი არ მისულა. მან ბოიკოტის რეჟიმზე უარი ორი დღის წინ თქვა, გაერიანებულ ოპოზიციასთან ერთად "რესპუბლიკური პარტია" დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.