23, ივნისი 2021 20:26:00
პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებთან ერთად, თვალშისაცემია ფასების ზრდა ე.წ. ფასთ ფუდზე. სწრაფი კვების ობიექტების მეპატრონეები მომხმარებელთა დეფიციტზე საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ წარმოებულ პროდუქტზე ფასების ზრდა გარდაუვალი გახდა. გაუძვირდათ ნედლეული და კომუნალური გადასახადი. რა მდგომარეობა აქვთ მეწარმეებსა და მომხმარებლებს, სალომე უსტალიშვილი გვეტყვის.
ერთი ფენოვანი ხაჭაპურის, ღირებულება ორ ლარამდე და ორმოცდაათ თეთრამდე გაიზარდა. პანდემიამდე, მისი ფასი, ერთ ლარსა და ოც თეთრს შეადგენდა. სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულზე ფასები ყოველდღიურად, იზრდება. ამ ფონზე, სწრაფი კვების ობიექტებს მომხმარებლები, თითქმის, აღარ სტუმრობენ.
აქ, დასაქმებულებისთვის ეს საქმიანობა, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თუმცა, იმის გამო, რომ ელექტროენერგიაზე, პურის ფქვილსა და ზეთზე ფასები გაიზარდა, პროდუქციის გაძვირებაც მოუხდათ. მოქალაქეებს, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, შაურმაც გაუძვირდათ.
შაურმის ჭამა, ახლა მოყვარულებისთვის ფუფუნებას წარმოადგენს, რადგან, როგორც ამბობენ, ელემენტარურად პურსაც ვეღარ ყიდულობენ. უკმაყოფილებას გამოხატავენ იმაზეც, რომ სწრაფი კვების ობიექტებში ძალიან მაღალი ფასებია. მოქალაქეების შეფასებით, ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავს და მათი საჭიროება, მხოლოდ, წინა საარჩევნო პერიოდში ახსენდებათ.
კატასტროფულ სურათზე, მუდმივად, საუბრობენ ეკონომისტებიც. რამაზ გერლიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს ინფლაციის კუთხით, დადებითი როლის თამაში შეუძლია და ამისთვის, მხოლოდ, სურვილია საჭირო.
თამაშობს თუ არა სახელმწიფო, დადებით როლს ეს სადაოა, რადგან აჭარის მთავრობა გაზრდილ ბიუჯეტს, მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარებაზე დახარჯავს. გეგმავს ახალი სასწავლო დაწესებულების აშენებასაც, თუმცა, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სოციალური მნიშვნელობის საკითხები ნაკლებადაა გაწერილი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას ხალხი, მხოლოდ, წინა საარჩევნო პერიოდში ახსენდება.
რა სახით დაეხმარება სახელმწიფო მოქალაქეებს? ამ კითხვის დასმა მმართველი გუნდისთვის გვსურდა, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადეს.