01, ივლისი 2021 21:10:00
ეროვნულები გამოცდები დაიწყო. დღეს, აბიტურიენტებმა, საკუთარი თავი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოსცადეს. ცოდნის პარალელურად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებისგან, კიდევ, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს. გამოცდაზე დაშვების პირობები უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველებსისთვის, წინა წლის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებულია. რეპორტაჟიდან გაიგებთ როგორ მიმდინარეობდა ეროვნული გამოცდების პირველი დღე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე უკვე დასრულდა. აბიტურიენტებმა, გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. სავალდებულო სავარჯიშოების დასაწერად, მათ, 3 საათი და 45 წუთი ჰქონდათ. რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო. ერთდროულად 30 აბიტურიენტი რეგისტრირდებოდა.
საერთო ჯამში, აჭარაში, 4 საგამოცდო ცენტრია. მათგან 3 ბათუმში - პირველ, მეათე და მეთოთხმეტე საჯარო სკოლებშია გახსნილი. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების შესაბამისად, ცენტრები დეზობარიერით, თერმოსკრინინგითა და სადეზინფექციო ხსნარებით იყო უზრუნველყოფილი. აბიტურიენტებს ამოწმებდნენ პირბადეებზეც.
წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ შორის, დაახლოებით, 4 ათას 53 სტუდენტობის მსურველი აჭარიდანაა.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს გამოცდა ათას 337-ს აბიტურიენტს უნდა ჩაებარებინა. საგამოცდო ცენტრებს კი, 46-მა არ მიაკითხა.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, გამოცდაზე 20-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა. მათთვის ცალკე საგამოცდო სესია ჩატარდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, 24 ივლისამდე გაგრძელდება.