პარასკევი 20, სექტემბერი 2019

გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია

26, აგვისტო 2019 21:12:00

საუკუნეების წინ, კურორტ ბეშუმზე მოსახლება თურმე  ოთხივე სეზონზე ცხოვრობდა, ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო კი  საქარავნო გზების მეგზურობა ყოფილა - ამის შესახებ ტერიტორიაზე მიმდინარე  არქეოლოგიური გათხრების შედეგები მოწმობენ. XI-XIII საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარები სამშენებლო ინჟინერიის კუთხით გამორჩეულია. გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია -  ვნახოთ სიუჟეტში.

მშრალი, დაუმუშავებელი ქვის წყობით ნაგები სათავსების კომპლექსები, თონე, სამეურნეო ორმოები და თიხის ღუმელები - კურორტ „ბეშუმის“ მიმდებარედ, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ძველი ნამოსახლარები აღმოაჩინეს.

 


ძველი ნამოსახლარები დაახლოებით XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და იგი იმ დროინდელი ადამიანის ყოფა ცხოვრებას გადმოსცემს. ისტორიული წყაროების თანახმად, აქ მცხორებლებისთვის დამატებით შემოსავალს საქარავნო გზების მეგზურობა წარმოადგენდა. გათხრების შედეგად ასევე, ირკვევა, რომ კურორტის ტერიტორიაზე მოსახლეობა ოთხივე სეზონზე ცხოვრობდა. 

 

ნამოსახლარები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაგეგმარებისა და სამშენებლო ინჟინერიის თვალსაზრისითაც. კურორტზე გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით დაიწყო, რომელიც ეთნო არქეოლოგიური პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. კვლევები მიზნად გოდერძის უღელტეხილზე კულტურული ტურიზმის განვითარებას ისახავს. 

 

სპეციალისტების თქმით, „ნაქალაქარის“ ტერიტორია მდინარე ძინეს მარჯვენა შესართავის - ბეშუმის წყლის აუზში მდებარეობს. ამავე აუზში სხვა არაერთი ნამოსახლარია, რომელთაგან უმრავლესობა შესწავლილი არ არის. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტო რეგიონში არქეოლოგიური გათხრებისთვის, ბიუჯეტიდან 115 000 ლარია გამოყოფილი.


დღის ამბები