13, თებერვალი 2020 20:59:00
10 წელი ხალხის სამსახურში. თქვენთვის კარგად ნაცნობი მძღოლი ახალსოფლიდან, დილის 6 საათზე იმისათვის მოდის, რომ სასურველ ადგილამდე მიგიყვანოთ. ენვერ კახიძისათვის ხალხთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. 69 წლის მძღოლის პორტრეტი, მაცნეს ობიექტივში.
ადამიანი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ნაცნობია. ენვერ კახიძე ბათუმის ავტოტრანსპორტში 10 წელია მუშაობს. 3 ნომერი ავტობუსის მძღოლს, რომელსაც 50 წლიანი გამოცდილებაა აქვს, მიაჩნია, რომ ასაკიდან გამომდინარე ეს საქმიანობა მისთვის შესაფერისია. უყვარს ხალხთან ურთიერთობაც.
მუშაობა თავდაპირველად 4 ნომერ ავტობუსზე დაიწყო. გვიყვება, რომ ამ პერიოდის მანძილზე თითქმის ყველას მგზავრს იცნობდა. იგივეს გრძნობდა მათგანაც.
ენვერ კახიძის თქმით, ყველა მძღოლის პრობლემა დილის 6 საათზე გაღვიძებაა. მგზავრებისათვის უსაფრთხო პირობების შესაქმნელად, სამუშაო დღის დაწყებამდე ავტობუსის ტექნიკურ გამართულობას აუცილებლად ამოწმებს.
გვიყვება იმასაც, რომ ქალაქში არსებული საცობები გარკვეულწილად პრობლემებს უქმნის. ამას ისიც ემატება, რომ ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი ხშირად მსუბუქ ავტომობილებს უჭირავთ.
წლების მანძილზე განსაკუთრებულს ვერაფერს იხსნებს, გარდა იმისა, რომ თოვლის მოსვლით გახარებული ბავშვები ავტობუსს გუნდებს ესვრიან.
ენვერ კახიძე 3 შვილის მამა, 4 შვილიშვილისა და 2 შვილთაშვილის ბაბუაა.