26, თებერვალი 2020 21:17:00
აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის შეცდომით გაგზავნილ სმს-ს ეხმაურება ოპოზიცია და მესამე სექტორი. რა მიზანს ემსახურებოდა ნონა კვასტიანის მოწოდება - რიჟვაძის ეთერში ყოფნისას, დახმარებოდნენ ოპოზიციის ბოტების მოგერიებაში. ვნახოთ შეფასებები.
„ტროლებისა და ბოტების ქარხანა“ - ასეთი შეფასება გააკეთეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის თანამშრომლის მიერ, ჟურნალისატების ჩათში გაგზავნილი წერილის შემდეგ. რეზო ხარაზი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მეთოდით ცდილობს ხელისუფლება სოციალურ ქსელში დადებითად წარმოჩენას.
„ეს არ იყო გულწრფელი ქება-დიდება, ეს იყო პროვინციალიზმი“ - ასეთ შეფასებას აძლევს გია მასალკინი თორნიკე რიჟვაძისთვის მიძღვნილ კომენტარებს. „შენების მოძრაობა“-ში ამბობენ, რომ ტროლებისა და ბოტების მუშაობის სპეციფიკა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა, თუმცა იგი საქართველოში სხვაგვარად ესმით.
ის, რომ თორნიკე რიჟვაძის პირდაპირ ეტერში გამოსვლისას ფეისბუქ ლაივში დაწერილი კომენტარები დაკვეთილი იყი, ეჭვი არ ეპარებათ „ლელო“-ში. ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთებას ავალებენ, სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ და ამიტომაც ხდებიან იძულებულნი, დაწერონ საკუთარი პოზიციის საპირისპირო აზრი.
რა მიზანს ემსახურებოდა აჭარის მთავრობის პრეს-სამსხურის თანამშრომლის, ნონა კვასტიანის მოწოდება - რიჟვაძის ეთერში ყოფნისას, დახმარებოდნენ ოპოზიციის ბოტების მოგერიებაში - აჭარის უმაღლეის საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ამტკიცებს, რომ მიზანი საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვა იყო, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, ვინ გააჟღერებდა დეზინფორმაციას გადაცემა „სვოტ ანალიზში“, როცა პირდაპირ ეთერში მხოლოდ წამყვანი და მთავრობის თავმჯდომარე ისხდნენ.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება საკუთარ აქტივს საზოგადოებრივი არზის შექმნისთვის - ამგვარი განმარტება „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტი ერთგვარი მტკიცებაა იმისა, თუ როგორი ხერხებით ცდილობს მთავრობა საკუთარ პოპულარიზაციას, „ქართულ ოცნებაში“ მაინც უარყოფენ, რომ მეთოდს იმიჯისთვის იყენებენ.