30, მარტი 2020 21:47:00
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში ონლაინ სწავლება მიმდინარეობს. პედაგოგები საგანმანათლებლო დაწესებულებებში სატესტო რეჟიმში მუშაობენ. რეკომენდაცია განათლების სამინისტროს ეკუთვნის- იმისთვის, რომ არდადეგების პერიოდში ბავშვები საგაკვეთილო პროცესს არ მოეწყდნენ. რა ხარვეზები გამოიკვეთა და როგორია დისტანციური სწავლება? თეო ფუტკარაძე არკვევდა.
სესილი პირველი კლასის მოსწავლეა. ონლაინ გაკვეთილები დილის ათ საათზე ეწყება. განსხვავებით სკოლისგან, სადაც თითქმის მთელ დღეს ყოფდა, კომპიუტერით სასწავლო, დღეს ორ საათში ასრულებს, ხშირად უფრო ნაკლებშიც.
ლიზი მეოთხე კლასის მოსწავლეა, მისი ონლაინ გაკვეთილებიც დილით 10 საათზე იწყება. ფეისბუქის საერთო ჩათში, კლასი, სრული შემადგენლობით, თავს თითქმის არასდროს იყრის. ამიტომ მასწავლებელი მათ ყოველი ახალი გაკვეთილის შესახებ, წინასწარ ჩაწერილ ვიდეოს ტოვებს. თუ რომელიმე, თუნდაც ერთი მოსწავლისთვის ჩანაწერში ახსნილი გაკვეთილი გაუგებარი იქნება, საერთო ჩათში მორიგი ვიდეო იდება. ვერ გაგებულ მასალას, პედაგოგი, ჩაბარებულ დავალებებში დაშვებული შეცდომებით იგებს.
ანანო ფუტკარაძე მეექვსე კლასის მოსწავლეა. ცდილობს, სწავლების ახალ მოდელს მოერგოს, თუმცა ამბობს, რომ პრობლემები ხშირად ჩნდება. მაგალითად, თანაკლასელებიდან ყველა ყოველთვის ვერ ახერხებს იყოს ინტერნეტთან, რომ მეგობრების ნაწილს გაუჭირდა იმ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, რომელიც ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი პირობაა. ყვება, რომ გაკვეთილების ახსნის პროცესში, ხშირად იკარგება ინტერნეტკავშირი პედაგოგთან და პირიქით.
მესამე კლასელი ქრისტინა ანანოს დაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ სკოლაში სწავლობენ, მისთვის სწავლების ფორმა განსხვავებულია. საერთო ჩათში, პედაგოგი, ვიდეო ზარით არ რეკავს. იგი ახსნის გარეშე მოსწავლეებს მხოლოდ დავალებებს აძლევს, მეორე დღეს კი მათგან შესრულებული საშინაო დავალებების ფოტოებს ითხოვს.
გაკვეთილების მოყოლა ონლაინ ფორმატში არ ხდება. არის სკოლები, სადაც მოსწავლეებს გრაფიკი შეუდგინეს, მაგალითად ასე. კვირაში სწავლობენ მხოლოდ ორი დღე: სამშაბათი და ხუთსაბათი. დანარცენი დღეები კი საგაკვეთილო პროცესისაგან თავისუფალი არიან.