31, ივლისი 2020 18:26:00
დღეს, მუსლიმური სამყარო, ყურბან-ბაირამს ზეიმობს. დღესასწაული ტრადიციულად, რამაზანის მარხვიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება. ისლამური რწმენით სწორედ ამ პერიოდში ხდება ცოდვების პატიება, უმზრახების შერიგება და მსხვერპლის შეწირვა. რიტუალი აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში მუსლიმები ორი მთავარი რელიგიური დღესასწაულიდან ერთ-ერთს, ყურბან ბაირამს, აღნიშნავენ. ყურბან ბაირამი, მარხვის თვის, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება.
დილის შვიდ საათზე, ბათუმის ორთაჯამეში მუსლიმებმა ბაირამის ლოცვა აღავლინეს. სამლოცველოში, ფართის სიმცირის გამო, მორწმუნეებმა, მეჩეთის ეზოსა და მიმდებარე ქუჩაზეც გაშალეს ხალიჩები და ღია ცის ქვეშ ილოცეს. მათთვის დღესასწაულის მისალოცად დღეს, ბათუმის ორთაჯამეში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა.
მორწმუნეების ნაწილი, რომელიც ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე სახელდახელოდ მოწყობილ ახალ მეჩეთში შეიკრიბა. ეს დღე მუსლიმებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ მიულოცა.
ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ, მსხვერპლშეწირვის რიტუალი ჩატარდა. ტრადიციის მიხედვით, მუსლიმი ოჯახები პირუტყვს კლავენ, საქონლის ხორცს კი ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგებენ. შესაწირი აუცილებლად ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა უნდა იყოს, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი - სულ მცირე ორი წლის.
დღესასწაულს უკავშირდება ახლობლების სასაფლავებზე გასვლის, ტკბილეულისა და ჰალვის მიტანის ტრადიციაც. მორწმუნეები მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად სასაფლაოებზე ლოცვას კითხულობენ. ყურბან ბაირამს, 4 ათას წლოვანი ისტორია გააჩნია. იგი ისლამურ სამყაროში ძმობის, მეგობრობის, თანაგრძნობის, ქველმოქმედების და ღმერთთან დაახლოების დღესასწაულია.