07, ოქტომბერი 2020 21:30:00
როგორია პოლიტიკური სუბიექტების შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლები? მონაცემები აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა დააჯამა. დაითვალა როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური პარტიების შემოწირულობები. კვლევის თანახმად, პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ამ კუთხით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციურ პარტიებს შორის კი, პირველი ადგილი „ლელო საქართველოსთვის“ უჭირავს
"ქართულ ოცნებას" სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. , პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა. მათგან, თითქმის ნახევარმა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ 20-დან 60 ათას ლარამდე გაიღო. რაც შეეხება 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, მმართველ პარტიას თანხა 549-მა სუბიექტმა ჩაურიცხა.
მონაცმები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. აღნიშნა, რომ ბიზნესის მხრიდან „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ლოგიკურია, რადგან წინა ხელისუფლების დროს ეს სექტორი ზეწოლას განიცდიდა, დღეს კი თანხებს ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, საკუთარი ნებით გასცემენ.
ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულება პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს. „ლელოს“ თანხა 59- მა სუბიექტმა შესწირა, მათ შორის 35-მა 20-დან 60 ათას ლარამდე გაიღო. მას სექტემბრის თვეში 1 312 590 ლარი შესწირეს. პარტიაში ამბობენ, რომ ხალხი, მათ როგორც ახალ ძალას, განსაკუთრებულად ენდობა და მოცემულობაც ამის შედეგია.
ოპოზიციურ პარტიებს შორის, შემოწირულობის მოცულობით მეორე ადგილზეა „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“. გიორგი ვასაძის პარტიას თანხა ჯამში 36- მა სუბიექტმა ჩაურიცხა, მათ შორის 24-მა ასევე 20-დან 60 ათას ლარამდე. ამავე გზით მიღებულმა პარტიულმა შემოსავალმა მხოლოდ სექტემბერში 1 172 837 ლარი შეადგინა. აქ ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში მიღებული თანხები გამჭვირვალეა და ნებაყოფლობით ჩარიცხული.
მესამე ადგილზეა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას გასულ თვეში 665 400 ლარი ჩაურიცხეს. აქ აღნიშნავენ, რომ მწირი გადარიცხვები დასტურია იმისა, თუ როგორ უშლის ხელს მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებისთვის სათანადოდ მოემზადოს.
„ევროპული საქართველოს“ იანვრიდან დღემდე ფული 135-მა სუბიექტმა ჩაურიცხა. მხოლოდ სექტემბრის შემოწირულობა კი 408 ათას ლარზე მეტს ითვლის. პარტიის წარმომადგენელი აჭარაში ამბობს, რომ მსგავსი თანაფარდობა ცხადყოფს იმას, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ბიზნესოპერტაორებს სათავისოდ, მათ შორის კომპანიებს, რომლებიც ტენდერში იმარჯვებენ.
პოლიტიკური სუბიეტებისათვის, შემოწირულობის სახით შესული თანხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაითვალა.