19, იანვარი 2021 21:45:00
არასამთავრობო სექტორი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ. რატომ მიაჩნიათ საჭიროდ სააგენტოს გაუქმება, როგორ უსაბუთებენ ერთობლივი წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლებას, რის საფუძველზე ფიქრობენ, რომ მას სუსი მართავს და რა პასუხი აქვს თავად სააგენტოს, პოზიციაში ჩემმა კოლეგამ შეაჯამა. ვნახოთ რეპორტაჟი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქვეყანაში 2014 წლიდან მოქმედებს. რამდენიმე პუნქტიან ფუნქციას შორისაა, რელიგიური კონფესიებისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვა. ჰქონდა და აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი - რელიგიურ კონფესიებს შორის კონფლიქტები მართოს და ურთიერთობები დაათბოს.
რა სამუშაო გასწია შექმნიდან დღემდე სააგენტომ, დღეს არავინ აჯამებს. საუბარს ყველა გაურბის, მათ შორის, წარმომადგენელი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე. ისევე როგორც 2014 წელს, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ საკონსულტაციო საბჭო, მხოლოდ ბუტაფორიულად შექმნილი ორგანიზაციაა და იგი სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის მშვიდობის დამყარებას არ ემსახურება. მაგალითად, "მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სააგენტო სუსის მიერაა შექმნილი და მისი მიზანი ერთია: აკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციების.
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას შვიდი ორგანიზაცია ოფიციალურად ითხოვს. წერილით, საქათველოს მთავრობას და პარლამენტს ერთობლივი განცხადებით უკვე მიმართეს. საფუძველში წერენ, რომ სააგენტოს არსებობა არაეფექტურია, მისი გაუქმებით კი, შეწყდება ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლი და მათ ავტონომიაში ჩარევა. ხელმომწერი ორგანიზაციები, ერთობლივ წერილში აღნიშნავენ იმასაც, რომ პირდაპირი ვალდებულების მიუხედავად, სოფელ ბუკნარში ბოლო დროს მომხდარი კონფლიქტისას, დაპირისპირების აღმოფხვრაში სააგენტოს მონაწილეობა არც კი მიუღია.
სააგენტოს არაეფექტურ როლზე საუბრობს, თეოლოგი თემურ გორგაძეც. ამბობს,რომ ორგანიზაცია მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ხელი მუსლიმების უფლებების დაცვას შეუშალოს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტომ დღეს არ მოგვისმინა. გვიპასუხა, რომ თემაზე საუბარი აღარ სურთ. გუშინ გაკეთებულ განცხადებაში კი აღნიშნავდნენ, რომ სააგენტოს გაუქმების მომხრე ორგანიზაციებს არასწორი პოზიცია აქვთ, რომ მსგავსი სტრუქტურები მსოფლიო ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა ზაზა ვაშაყმაძეს, გაკეთებულ განცხადებაში საქმიანობის შედეგებზე და ეფექტურობაზე არაფერი უსაუბრია.