32 დღიანი დუმილი დარღვეულია. გიორგი გახარიამ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ექსპრემიერის განმარტებით, არსად წასვლას აპირებს და უახლეს მომავალში, სამომავლო გეგმებს საზოგადოებას გააცნობს. მისივე თქმით, იგი დღის წესრიგს მიჰყვება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი მალე გაეცემა. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, გადაწყვეტილება სოციალურ ქსელშიც დაასტურა. ფაქტს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.
ამ განცხადებიდან ზუსტად 1 თვე გავიდა. მთავრობის მეთაურის პოსტიდან ხმაურით წასვლის შემდეგ, ექსპრემიერი დღეს პირდაპირ ამბობს, რომ არსად წასულა და პოლიტიკაში რჩება. როდის ან რა ფორმით დაბრუნდება, არ უთქვამს, თუმცა, დაანონსა, რომ გეგმებს მალე გაასაჯაროებს.
მედიასთან გაკეთებული ეს განცხადება, გახარიამ, რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელშიც გაიმეორა. ოცნების ყოფილმა პრემიერმა დაბრუნებისთვის მზადება, ამ ფეისბუქ პოსტით, ოფიციალურად დაიწყო. გიორგი გახარიას დღევანდელი გამოჩენა საინტერესო იმ გარემოებითაც აღმოჩნდა, რომ მის საცხოვრებელ სახლში სტუმრად ოცნების მოქმედი დეპუტატი, მიხელ დაუშვილიც იმყოფებოდა, თუმცა რა მიზეზით - უცნობია
ქართულ ოცნებაში გიორგი გახარიას გააქტიურებას მიესალმებიან, თუმცა, ამბობენ, რომ ეს ოცნების გუნდის ერთიანობაზე გავლენას ვერ მოახდეს. უმრავლესობის წევრების აზრით, გახარია პოლიტიკაში ის კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება, რომელიც დღეს ქვეყანას ასე ძალიან აკლია.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე ივანიშვილმა პოლიტიკური თამაშები დაიწყო - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში ექსპრემიერის შესაძლო დაბრუნებას. ამბობენ, რომ ამ გზით ივანიშვილი რეალური ოპოზიციის გაქრობას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ გადამდგარი პრემიერი პოლიტიკაში მართლაც დაბრუნდება, ეს პირველ რიგში, ქართული ოცნების რეიტინგზე აისახება.
იქნება თუ არა გიორგი გახარია იმ მესამე ძალის სათავეში, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გახარიას და მისი გუნდის მიზანი სწორედ იმ ადამიანების გულის მოგება იქნება, რომლებიც ორ დომინანტ პოლიტიკურ პარტიას უკვე დიდი ხანია ბოიკოტს უცხადებენ.
ყოფილი პრემიერის მიერ დღეს გაკეთებული ხმაურიანი განცახდება განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა.
გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს, მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების ნებართვა გასცა. გახარიამ ამ ნაბიჯით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება გადაავადა და თავად პოლიტიკურ ველიდან გავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გახარიას გუნდს ქართული ოცნების ის წევრები შეუერთდებიან, რომლებიც პარლამენტში მისი ქვოტით მოხვდნენ.