14, აპრილი 2021 21:10:00
ექვსმა პარლამენტარმა „ქართულ ოცნება“ დატოვა. მმართველი გუნდის რიგებიდან წავიდა: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე. ისინი, დღეიდან, გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან. წასულმა დეპუტატებმა, დღეს პარლამენტში სკამებიც შეიცვალეს და ადგილი ოპოზიციის ნაწილში დაიკავეს. გუნდიდან გასული დეპუტატების საქციელი სამარცხვინოა - ასე პასუხობს ყოფილ თანაგუნდელებს არჩილ თალაკვაძე, ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც ქართულ ოცნებაში დიდი ხანია მიმდინარეობს, უკვე გამოაშკარავდა.
არის თუ არა კრიზისი მმართველ პარტიაში და დაიშლება თუ არა "ქართული ოცნება". საპარლამენტო უმრავლესობა დღეს გიორგი გახარიას თანამოაზრე 6-მა დეპუტატმა დატოვა. ქართულ ოცნებას გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დაემშვიდობნენ.
ხოჯევანიშვილი ლილუაშვილი, კერესელიძე ყოფილი პრემიერის ახალი გუნდის წევრებმა პარლამენტში დღეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამები დაიკავეს. ფრაქციიდან გასვლის შედეგად, კი საპარლამენტო თანამდებობებს ავტომატურად დაკარგავენ. ისინი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში გააგრძლებენ.
გაუმართლებელი ნაბიჯი და უბრალოდ სირცხვილი - ასე გაისტუმრა ყოფილი თანაგუნდელები პარტიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძე 6 დეპუტატის მიერ "ქართული ოცნების" დატოვებას გაუმართლებელ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიაც და წასული დეპუტატებიც მხოლოდ პირადი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ.
ახალი ოპოზიციური ჯგუფის შექმნას კარგ პროცესს უწოდებს მოქალაქეების ლიდერი. ლევან იოსელიანი ქართული ოცნებიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფას მიესალმება და ამბობს, რომ გახარიას გუნდს საზოგადოებისთვის რიგ საკითხებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა მოუწევს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ რღვევის პროცესი, რომელიც ქართულ ოცნებაში დიდი ხანია მიმდინარეობს, დღეს სააშკარაოზე გამოვიდა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას მას შემდეგ შეიძენს, რაც ყოფილი პრემიერი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, პასუხებს გასცემს.
გიორგი გახარიას გუნდი კითხვებს პასუხებს სავარაუდოდ უახლოეს კვირებში გასცემს. იქნება თუ არა ეს საზოგადოებისთვის მისაღები და ამომწურავი, ეს პარტიის პრეზენტაციის შემდეგ გაირკვევა.