07, ივლისი 2021 21:45:00
დასვენება არაჯანსაღ გარემოში და მუდმივი დისკომფორტი ქალაქის სტუმრებისთვის. გიყვებით ისევ ქობულეთის მუნიციპალიტეტზე. მერიამ ბულვარის მოსაწყობად 7 მილიონი ლარი დახარჯა, რეკრეაციულ ზონაში კი ტრანსპორტი მოძრაობს. მანქანების გადაადგილება სახიფათოა ზღვისპირა პარკში მყოფთათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. საზეიმოდ გახსნილი ბულვარი, დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვვის უხერხული კითხვების დასმის მიზეზი აღმოჩნდა.
საზეიმოდ გახსნილ, ქობულეთის რეაბილიტირებულ ბულვარს, მოქალაქეებმა ნაკლოვანებები უკვე უპოვეს. სამ კილომენტრიან, ახლად რესტავრირებულ მონაკვეთზე, ავტომობილები ინტენსიურად გადაადგილდებიან. გარდა იმისა, რომ შესაძლოა ფილები გაფუჭდეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანების გამო აქ მოსეირნე ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშაა.
აქ მცხოვრებლებს, კიდევ ერთი, პრობლემა აწუხებთ. ქობულეთის მერიამ, როგორც ჩანს მანქანების მოძრაობის შესაზღუდად, ადგილზე რამდენიმე „მწოლიარე პოლიციელი“ დაამონტაჟა. ეს პატარებისთვის კიდევ ერთი საფრთხეა, შემზღუდავი ბარიერები ასე გამოიყურება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს ავტომობილების მოძრაობის შესამცირებლად კარგია, თუმცა, მისგან გამოწვეული საშიშროება დიდია.
ქობულეთის მერი ადასტურებს, რომ ზღვისპირა პარკში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ავტომობილების მოძრაობის შესასღუდად დააყენეს.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირწუნება, რომ გარკვეულ მონაკვეთზე ბულვარში მანქანის შესასვლელი ტერიტორიები ჩაიკეტება და ადგილზე ავტომობილების გაჩერებას, მხოლოდ ის პირები შეძლებენ, ვინც ადგილზე ცხოვრობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გვარწმუნებენ, რომ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. უწყების პრეს-სამსახურის მტკიცებით, ადგილზე მდგომარეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც გააკონტროლებენ.