29, ნოემბერი 2021 19:16:00
საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საჯარო სივრცეების შემდეგ, თამბაქოს მოწევა ტაქსებშიც იკრძალება. რეგულაცია გავრცლედება იმ შემთხვევაში, თუ კი ავტომობილში არასრულწლოვნები იქნებიან. ზიანის თავიდან ასაცილებლად, შეზღუდვის დაწესებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ითხოვს. საკითხი უკვე პარლამენტშია და მას საკანონმდებლო ორგანო უახლოს მომავალში განიხილავს. როგორ აფასებენ მოსალოდნელ ცვლილებებს საზოგადოებასა და მესამე სექტორში? თეო ფუტკარაძემ მოისმინა მხარეთა პოზიციები.
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საჯარო სივრცეში, თამბაქოს მოწევის აკრძალვა, საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. იგივე შეზღუდვის გავრცელება იგეგმება ტაქსებსა და არასრულწლოვანთა თანდასწრებითაც. მოქალაქეები ინიციატივას მიესალმებიან. იმედოვნებენ, რომ კანონპროექტის კანონად ქცევა, მდგომარეობას გამოასწორებს. მათი თქმით, ამ გზით, არასრულწლოვნებისა და არამწეველების უფლებები და ჯანმრთელობა უფრო მეტად დაცული იქნება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მოზარდებში პასიური მწევლობის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ. აქ ამბობენ, რომ ამის გამო, ნიკოტინდამოკიდებულება ნაადრევი ასაკიდან პროვოცირდება.
დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში კონტროლის მექანიზმზე არაფერი წერია, შესაბამისად, იურისტებს უჩნდებათ კითხვა, როგორ მოხდება კანონის აღსრულება? აღნიშნავენ, რომ მსგავსი აკრძალვების შემოღებით, არამწეველი ადამიანების, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანთა უფლებები „ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების“ შესახებ ნაკლებად დაირღვევა.
ინიციატივა, „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნით. მათი მოლოდნით, კანონების სრული დაცვის შემთხვევაში, 2040 წლისთვის საქართველო მოსახლეობა სრულად უნდა გათავისუფლდეს თამბაქოს მოხმარებისგან.
დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. პარლამენტის დადგენილებაში წერია, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში ან არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება საჭირო და დროულია.