ახალი ამბები • 1752592983
რატომ უჭირთ ახალგაზრდებს სამსახურის პოვნა
უმუშევრობა, საქართველოში რომ დიდი გამოწვევაა, წლებია არაერთი კვლევით დასტურდება. მაჩვენებლებს, ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც. 2022 წლის ოფიციალური მონაცემებით, დაუსაქმებელია მოსახლეობის 16%-ზე მეტი. ეს 250 ათასი ადამიანია. სამსახურის გარეშე ყოფნა, დიდი გამოწვევაა ახალგაზრდებისთვისაც. სტუდენტები ამბობენ, რომ დამსაქმებლები იმგვარ პირობებს უყენებენ, თავის სარჩენად თუ სწავლის გადასახადის დასაფარად, სამსახურს და ლექციებს ერთმანეთს ვერ უთავსებენ. მწირი აქვთ არჩევანიც. ან მაღაზიაში კონსულტანტობა უნდა აირჩიონ ან კიდევ კვების ობიექტში, მიმტანის პოზიცია. ხშირად ესეც სეზონურად.
გარდა იმისა, რომ სწავლა დიდ დროს მოითხოვს და დამსაქმებელიც ძირითადად სრულ განაკვეთზე მუშაობას, ახალგაზრდების თქმით, ხშირად ისეც ხდება, რომ თავის დროზე სწორ არჩევანს ვერ აკეთებენ, პროფესიას ზუსტად ვერ ირჩევენ და შესაბამისად დასაქმებისას ესეც დიდი დაბრკოლებაა, ანუ, არ უყვარს არჩეული საქმე, ვერ სწავლობს იმას, რაც აღარ მოსწონს და ა.შ. ყველა ასე არ ფიქრობს. ბევრი, საკუთარი პროფესიით მუშაობას მხოლოდ იმიტომ არ იწყებს, რომ სფეროში ანაზღაურება დაბალია და თავის გასატანად არ ჰყოფნის, ამიტომაც მათი არჩევანი სხვაგვარია.
დაბალი ხელფასი ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, შინ ამ მცირედსაც არავინ გადაუხდის, 300 და 500 ლარად მუშაობას სახლში ჯდომა ურჩევნიათ. ამბობენ, რომ ეს მხოლოდ სამსახურში ყოველდღიურად სიარულის ხარჯია და ტყუილად დაკარგული დრო, მით უფრო, რომ ამას რთული სამუშაო პირობებიც ემატება.
საქართველოში, დასაქმების მაძიებლებისთვის, ახალგაზრდა ასაკშიც კი ხშირად, დაბრკოლება, ასაკი და სამუშაო გამოცდილება ხდება. ამბობენ, რომ სამსახურის ძიებაში წლები გადის, როცა შესაძლებლობა ეძლევათ, მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებენ, რადგან ყველა დამსაქმებელი გამოცდილებას ითხოვს, ეს კი ფიზიკურად შეუძლებელია. ცხადია, ყველა ასე არ ფიქრობს. ნაწილის აზრით, ქვეყანას კადრები აკლია.
აღმოჩნდა, რომ ბევრს, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენის პრობლემაც აქვს. ამიტომ, ადამიანები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ, დასაქმების ხელშესაწყობად, პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. გარდა იმისა, რომ სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, პროფესიული სწავლება გააძლიეროს და უკეთესი განათლების სისტემა შეიმუშაოს, მოზარდებს, პროფესიის არჩევაში და თავის წარმოსაჩენად უნარების გამომუშავებაში, სასკოლო ასაკშივე დაეხმაროს.

1745312322