ახალი ამბები • 1748595600
ბათუმში, ფშაველას ქუჩაზე, სახლზე რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ. საკითხi ბათუმის საკრებულომ დღეს განიხილა. პროექტის ავტორი განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა. ინიციატივა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს ეკუთვნის.
რეჟისორი გოგიბერიძე 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„გიორგი გოგიბერიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
გიორგი გოგიბერიძე 2006 წლიდან იყო „ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.
წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „თეთრი კვადრატი“-ს ავტორი და წამყვანი, ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს.
გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „სინაგოგა“, „სტარტი“, „რუსუდან ფეტვიაშვილი“, „ოცი საუკუნის შემდეგ“, „მემენტო მორი“, „წითელი ცხენის ბანაობა“ – წერია საკრებულოში წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში.
ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და „ბიაფის“ ხელმძღვანელი გიორგი გოგიბერიძე საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი იყო.

1746602495

1739131407